Medium
მედიუმი, საშუალება. ფიზიკური ან ტექნიკური საშუალებები, რომლებშიც კომუნიკაციური შეტყობინება გარდაიქმნება სიგნალად, რომლის გადაცემაც შესაძლებელია ამა თუ იმ არხის, გამტარის მეშვეობით. მაგალითად, ტელევიზია არის მედიუმი, რომელიც იყენებს ხედვისა და ბგერის არხებს. ჯონ ფისკემ ნაშრომში “Introduction to Communication Studies” (UK: Methuen, 1982) მედიუმები სამ კატეგორიად დაჰყო: (1) პრეზენტაციული მედიუმი: ხმა, სახე, სხეული, ზეპირი სიტყვა, ჟესტი; პრეზენტაციული მედიუმის შემთხვევაში მედიუმი თვითონ არის კომუნიკატორი; (2) რეპრეზენტაციული მედიუმი: წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, მხატვრობა, ფოტოგრაფია და ასე შემდეგ; მედიუმის ეს სახეობა იყენებს კულტურული და ესთეტიკური შეთანხმებების კოდებს განსაზღვრული ტიპის „ტექსტის“ შესაქმნელად; ამ კატეგორიაში მედიუმი კომუნიკატორისგან დამოუკიდებლად არსებობს მას შემდეგ, რაც იგი კომუნიკაციის პროდუქტად, ნივთად იქცევა (შეადარეთ: პრეზენტაციული მედიუმი წარმოადგენს კომუნიკაციის აქტს); (3) მექანიკური მედიუმი: ტელეფონი, რადიო, ტელევიზია, ფილმი და ასე შემდეგ. ინტერნეტი წარმოადგენს კონვერგენციულ მედიუმს, რომელიც სამივე კატეგორიის მედიუმის მახასიათებლებს აერთიანებს თავის თავში. მედიუმის მახასიათებლები, მისი ნიშან-თვისებები განსაზღვრავს იმ კოდების სპექტრს, რომლის გადაცემაც მას შეუძლია და ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შეტყობინების ბუნებასა და მის მიმღებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий